რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინმა რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-თან ინტერვიუში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ საკითხზე "არ გამორიცხავენ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას".
ასევე, მან თქვა, რომ "დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა ვითარდება".
"2012 წელს ჩვენ უყოყმანოდ დავუჭირეთ მხარი თბილისის მიერ შემოთავაზებულ კურსს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. და ახლა, რთული საგარეო ვითარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა ვითარდება. მიმდინარე წლის 11 თვეში სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ერთნახევარჯერ გაიზარდა და 2,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ვაჭრობის პარალელურად, მაჩვენებლები იზრდება ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით.
რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, მინდა გავიხსენო, რომ ისინი გაწყდა 2008 წელს, თბილისის ინიციატივით და [თბილისი], სამწუხაროდ, აგრძელებს მისი აღდგენის შესაძლებლობის უგულებელყოფას თავისი პოლიტიკური მოთხოვნებით, რომლებიც რეგიონში ახალ რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამგვარად, ბურთი კვლავ ქართულ მხარესაა.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებს, არ გამოვრიცხავთ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას, როგორც კი ამის აუცილებელი წინაპირობა ჩამოყალიბდება", - თქვა გალუზინმა.